Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

07/09/2020 _ ინტერიერი

ლოფტის სტილი თანამედროვე, კრეატიული და თავისუფალი ადამიანებისთვის

ბევრი სივრცე და არანაირი ტიხარი - ეს სლოგანი თანამედროვე ურბანულ სტილს, ლოფტს, უკავშირდება. კრეატიული, თანამედროვე და თავისუფალი ადამიანებისთვის შექმნილი სტილი უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება მოდერნული ბინების ინტერიერის დიზაინში. ლოფტის სტილს უძველესი ფესები აქვს და მისი ისტორია 40-იანი წლების ამერიკიდან, კონკრეტულად კი, მანჰეტენიდან იწყება.

 

„დიდი დეპრესიის“ დროს, როდესაც ფაბრიკები იხურებოდა, მანჰეტენზე დაცარიელებული ბინების გაქირავების ფასმა საგრძნობლად იკლო. მაღალი ჭერი და თავისუფალი სივრცე ამერიკული ბოჰო წრეებისთვის, განსაკუთრებით, მხატვრებისთვის, მიმზიდველი აღმოჩნდა. იმდროინდელი ლოფტის ერთ-ერთი უპირატესობა იყო ის, რომ ერთ სივრცეში საცხოვრებელი ადგილისა და სახელოსნოს გაერთიანება თავისუფლად შეიძლებოდა. დროთა განმავლობაში, ლოფტის სტილის ბინები პოპულარული გახდა და შესაბამისად, ფასიც მოემატა. დღესდღეობით კი, ინტერიერის დიზაინში ლოფტი ერთ-ერთი ძვირადღირებული სტილია მიუხედავად იმისა, რომ მისი დეკორირებისთვის დიდი ბიუჯეტი სულაც არ არის საჭირო.

 

 

ლოფტის მახასიათებლებია:

 

  • დიდი სივრცე

 

  • ბევრი ბუნებრივი სინათლე

 

  • ბევრი ფანჯარა

 

  • მაღალი ჭერი

 

  • ტიხრების მინიმალური რაოდენობა

 

რადგან ლოფტის სტილის ინტერიერში, ტიხრები მინიმალურ ოდენობამდე არის დაყვანილი, ისინი მხოლოდ სააბაზანო ოთახისა და საძინებლის იზოლირებისთვის დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში კი სივრცის ზონირება სინათლის ცვლილებითა და ავეჯით ხდება. ასევე ოთახების გაცალკევებისთვის გამოიყენებენ ხელოვნური ქვითა და ბეტონით დამზადებულ სვეტებს, მინის ბლოკებს, გამჭვირვალე თაროებს, სხვადასხვა ფერის იატაკს და კედელს. მაგალითად, მასიური სავარძლით შესაძლებელია სამზარეულოსა და მისაღები ოთახის განცალკევება.  

 

ინტერიერში ლოფტის სტილს, მისი ძირეული ელემენტების დამატებით, ნებისმიერი გეგმარების სივრცეში შექმნით. აქვე შეგახსენებთ, რომ თუ არქიში გაქვთ გადაწყვეტილი ბინის ყიდვა, გეგმარება თქვენს გემოვნებაზე შეგიძლიათ მოარგოთ. შესაბამისად, ტიხრები დაიყვანოთ მინიმალურ ოდენობამდე, დაამატოთ ქვის ან ბეტონის კედლები, ინტერიერში შემოიტანოთ დაძველებული ეფექტის მქონე მასალები, ტექსტურები და ზედაპირები. საბოლოოდ კი, ეს სტილი მცირე ფართის ბინაშიც კი მიიღოთ.

 

ლოფტის სტილში კედლები ქვისგან ან ბეტონისგან მზადდება, რომლებიც გალესვას არ საჭიროებს. იშვიათად, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოიყენებენ შპალერს, რომელიც მიმსგავსებულია ქვის ან ბეტონის კედელს. რაც შეეხება იატაკს, ლოფტის სტილში ტრადიციული იატაკი ბეტონისაა. ეს უკანასკნელი არცთუ ისე პრაქტიკულია, ამიტომ მას შემდეგი სახის საფარით ანაცვლებენ: ხის იატაკით, ლამინატით, პარკეტით, კერამიკული ფილებით, ხელოვნური ქვით ან მარმარილოთი. ლოფტის ინტერიერში ჭერს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჭერი ნამდვილად ამ სტილს ქმნის. მას ამზადებენ ქვის სვეტებით და სავენტილაციო მილებით. პატარა ფართის ბინებში ჭერის გალესვა და მისი თეთრად შეღებვაც საკმარისი იქნება.

 

განათება ლოფტის სტილის ერთ-ერთი მახასიათებელია. სანათებით, თქვენ სივრცის განათებასთან ერთად, მის ზონირებასაც მოახერხებთ. მაგალითად, მისაღებ ოთახში მეტალის ჩარჩოს ჭაღი, რომელსაც მინის აბაჟურები ამშვენებს, ოთახის აქცენტირებულ ნაწილს ქმნის. ჭერისა და იატაკის სანათები ლოფტის მკაცრ ატმოსფეროს ანეიტრალებს. პატარა ფართის ბინებში კი LED განათება საუკეთესო არჩევანია, რომელსაც სივრცეში ჯადოსნური მუხტი შემოაქვს.

 

 

სარეკლამო პოსტერები, გრაფიტი, ნახატები, სურათები, დეკორატიული ბალიშები, ორიგინალური ფიგურები, ვაზები თუ სკულპტურები - ნებისმიერი დეკორაცია ლოფტის სტილისთვის მისაღებია. თქვენი გემოვნება დაგეხმარებათ ინტერიერის ორიგინალურობას და უნიკალურობას ხაზი გაუსვათ.

 

ლოფტის სტილის რამდენიმე ვარიაცია არსებობს: ბოჰემური - სადაც დეკორაციები და აქსესუარები კრეატიულად არის არჩეული, გლამურული - რომელიც ფერთა პალეტით, ბაროკოს სტილის სარკეებით და სხვადასხვა ფორმის სანათებით არის გამორჩეული, ინდუსტრიული - ლოფტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიაციაა, რომელიც ხასიათდება მეტალის სტრუქტურებით, გეომეტრიული ფორმის ავეჯით, სავენტილაციო მილებით. მრავალფეროვან ლოფტის სტილში თქვენს თავს აუცილებლად იპოვნით.