Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

06/11/2020 _ ინტერიერი

8 რამ, რაც ბინის დიზაინში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როცა შინაური ცხოველები გყავთ  

შინაური ცხოველები ადამიანების განწყობაზე დადებითად მოქმედებენ. მათთან ერთად თქვენ თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობთ. მსგავსი განწყობის შენარჩუნება კი ნებისმიერი მიზნის მიღწევაში გეხმარებათ. მთავარია ის მომენტიც გაითვალისწინოთ, რომ თქვენი შინაური ცხოველებიც ასევე ბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ. ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი თქვენს ბინას უკავია - აქ ხომ როგორც თქვენ, ასევე თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც მყუდროდ და კომფორტულად უნდა გრძნობდნენ თავს. ამისთვის არსებობს რამდენიმე „ხრიკი“, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, სახლი მოქნილ სივრცედ გარდაიქმნება. მოქნილობა გაგიმარტივებთ სახლის დალაგების პროცესს (რაც, შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში, რეგულარული აქტივობაა), დაგიზოგავთ დროს და ენერგიას, თქვენს ცხოველებს კი სასიამოვნო საცხოვრებელ პირობებს შეუქმნით.

 

ქსოვილი

 

 

დივანზე, სკამებსა თუ საწოლზე დაყრილი კატის თუ ძაღლის ბეწვები - ნაცნობი პრობლემაა, ხომ? მათ მოსაშორებლად ნებისმიერ საშუალებას იყენებთ, იქნება ეს, მტვერსასრუტი, სველი ხელსახოცი თუ სხვა რამ. თუმცა ერთ დღეს, როცა ბეწვებს მოაშორებთ, მეორე დღეს ისევ იგივე გაწმენდითი პროცედურების  ჩატარება გიწევთ. იქნებ პრობლემა სულ სხვა რამეშია, მაგალითად, იმ ქსოვილში, რაც დივანზე, სკამებსა თუ საწოლზე გაქვთ დაფენილი.

 

მოერიდეთ -  ქსოვილს, რომელიც ცხოველის ბეწვს მარტივად იკრობს. ასეთი ქსოვილებია: მატყლი, ხავერდი და ველვეტი. აბრეშუმისგან დამზადებული ქსოვილების დარღვევა კი თქვენს შინაურ ცხოველს ძალიან მარტივად შეუძლია.

 

იქონიეთ -  რბილი გობელენები, ტყავი თუ სინთეტიკური ქსოვილები. აუცილებლად შეამოწმეთ ქსოვილის ხარისხიც, მარტივად რომ არ გაგიფუჭდეთ.

 

ავეჯი

 

 

სახლში ლეკვი ხომ არ გყავთ? რა რაოდენობის სათამაშოც უნდა იყიდოთ, ლეკვი ყოველთვის გამონახავს გზას, რომ კბილები „მოიფხანოს" და ბინაში ნებისმიერი ავეჯი თავისი დასაღრღნელი სათამაშო ეგონოს.

 

მოერიდეთ - ავეჯს, რომელიც დამზადებულია ხისგან, როტანგისგან, სიზალისგან და არის დაწნული.

 

იქონიეთ - მეტალისა და ქრომის ნაკეთობები, რომელთა სიმდგრადესა და გამძლეობას ლეკვები ვერაფერს დააკლებენ.

 

იატაკი

 

 

შინაური ცხოველების ყოლა ყველაზე მეტად თქვენს იატაკზე აისახება. წვიმიანი დღეები, ლეკვების გამოუცდელობა ან ბრჭყალების კვალი, უპირელესად, იატაკს ეტყობა ხოლმე.

 

მოერიდეთ - ხისგან დამზადებულ იატაკს, რომელიც ლაქებით სწრაფად იფარება და ნებისმიერი ნაკაწრი ეტყობა.

 

იქონიეთ - ლამინატის, ქვის ან კერამიკის იატაკის საფარი. მათი დამატებითი ბენეფიტი ისიცაა, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში, ისინი არ ხურდება და სიცივეს ინარჩუნებს. ეს კი შინაური ცხოველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტი ამ საკითხის შესახებ, შეგიძლიათ ჩვენს ამ ბლოგში წაიკითხოთ  - როგორი იატაკი უნდა შეარჩიოთ მაშინ, როდესაც შინაური ცხოველები გყავთ?

 

კედლები

 

კედლების რეგულარულად წმენდა საკმაოდ რთულ და შრომატევად საქმეს წარმოადგენს, მაგრამ რა უნდა ქნათ მაშინ, როდესაც ისინი ცხოველის ბეწვს მარტივად იკრობენ?

 

მოერიდეთ -  ღრმად სტრუქტურიან კედელს, რომელიც ცხოველის ბეწვის მიმართ მაგნიტივითაა.

 

იქონიეთ - პრიალა ან ნახევრად პრიალა საღებავი, რომელიც კედლიდან ბეწვს აშორებს და მას ახლებურ ვიზუალს ანიჭებს.

 

ფარდები

 

 

როგორც თქვენ გიყვართ ფანჯრიდან ყურება, ასევე არიან ცხოველები. ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ, როდესაც სახლი ნათელია და მზის სხივები შემოდის. მათ უნდა იცოდნენ რა ხდება მათ გარშემო, ამიტომ, ამ დროს, ფანჯრების გაღება აუცილებელია.

 

მოერიდეთ - სქელი ქსოვილის ფარდებს.

 

იქონიეთ - თხელი ფარდები, საიდანაც მზის სხივები ბინაში მარტივად შემოვა და ცხოველებსაც გაუმარტივდებათ იმის დანახვა, თუ რა ხდება ეზოში.

 

ჰარმონია სახლში

 

 

იმისთვის, რომ სახლში ჰარმონია შეინარჩუნოთ:

 

მოერიდეთ - დაბალ მაგიდებს, რომლებზეც უამრავი ნივთია დალაგებული, როგორებიცაა, სანთლები, ჭიქები, მტვრევადი ნივთები. ცხოველებს მათი გადმოყრა და გატეხვა მარტივად შეუძლიათ.

 

იქონიეთ - მაღალი მაგიდები, ნივთები ყოველთვის თაროებზე დააწყვეთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ტექნიკაც, რომელიც ძირს არ უნდა დადგათ. მაგალითად, უმჯობესია, თუ ტელევიზორს კედელზე ჩამოკიდებთ და პულტსაც სადმე თაროზე შემოდებთ.

 

სისუფთავის შენარჩუნება

 

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენი ოთხფეხა მეგობრები წვიმიან ამინდში სეირნობთ, ადიხართ სახლში და სანამ მშრალ თუ სველ ხელსახოცებს მოიტანთ, თქვენი ძაღლი მთელი ბინის შემოვლას ასწრებს.

 

მსგავსი რამ რომ არ შეგემთხვათ, შემოსასვლელში პატარა ყუთი მოათავსეთ, სადაც შეინახავთ ნაჭრებს, სველ ხელსახოცებს და მშრალ შამპუნს.

 

სუფთა სამზარეულო

 

 

როდესაც შინაური ცხოველი სახლში გყავთ, ბინის სისუფთავეს გაორმაგებული ყურადღება ეთმობა.

 

საჭმლის ჯამები ყოველთვის შეინახეთ ან სამზარეულოს სათავსოს ქვეშ შეაცურეთ. არ დაგავიწყდეთ, ყოველი ჭამის შემდეგ, ცხოველის ჯამებიც ისე უნდა გარეცხოთ, როგორც თქვენს ჭურჭელს რეცხავთ.

 

ამ წესების გათვალისწინება დაგეხმარებათ, უფრო მარტივი და სახალისო გახადოთ სახლის ლაგების პროცესი, ხოლო თქვენს შინაურ ცხოველებთან ყოველი წუთით უდარდელად დატკბეთ.